დეფინიცია:
ეპილეფსია არის ცენტრალური ნერვული სისტემის (ნევროლოგიური) დაავადება, როცა დარღვეულია თავის ტვინში ნერვული უჯრედების აქტივობა, რაც იწვევს გულყრას. გულყრის დროს ადამიანს შეცვლილი აქვს ქცევა, განიცდის უჩვეულო სიმპტომებს და შეგრძნებებს გონების დაკარგვის ჩათვლით. ეს ეპიზოდური შეტევა შესაძლოა იყოს ხანმოკლე (რამდენიმე წამი, წუთი) ან ხანგრძლივი (ძირითადად კრუნჩხვითი გულყრა).
მსოფლოში მოსახლეობის 1%-ს (65 მლნ.) აქვს ეპილეფსია. ასაკის მატებასთან ერთად გამოვლინების სიხშირე მატულობს. ახალი შემთხვევები განვითარებულ ქვეყნებში განსაკუთრებით ხშირია ჩვილებსა და ასაკოვნებში, ხოლო განვითარებად ქვეყნებში გვიან ბავშვობასა და ადრეულ მოზარდობაში, რაც სავარაუდოდ განაპირობებულია ჩვილობისა და ბავშვობის ეპილეფსიების გაქრონიკულებულობით (არასწორი მართვის გამო).
აშშ-ის მონაცემებით, 100 ადამიანიდან 1-ს შესაძლოა თავის ცხოვრების მანძილზე ერთხელ დაემართოს არაპროვოცირებული (რაიმე ფაქტორით გამოწვეული) გულყრა. თუმცა ერთჯერადი გულყრა არ ნიშნავს ეპილეფსიას. მხოლოდ 2 არაპროვოცირებული გულყრის (ტიპი არ კონკრეტდება) შემთხვევაში ხდება ეპილეფსიის დიაგნოსტირება.
სიმპტომები:
ვინაიდან ეპილეფსიურ გულყრას იწვევს თავის ტვინის უჯრედებში განვითარებული პათოლოგიური განმუხტვა, გულყრამ შესაძლოა დაარღვიოს ნებისმიერი პროცესი, რომელსაც ტვინი უწევს კოორდინირებას. Gგულყრა შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გარდამავალი (ძირითადად თვითშეჩერებადი) სიმპტომებით:
- კონფუზია (დეზორიენტაცია დროსა და გარემოში)
- მეტყველების შეჩერება
- არაკონტროლირებადი კრუნჩხვითი მოძრაობები ხელებსა და ფეხებში
- ცნობიერების ან სიფხიზლის დაკარგვა
- ფსიქიკური სიმპტომები (ქცევის და აზროვნების შეცვლა)
- სიმპტომების გამოვლინება დამოკიდებულია გულყრის ტიპზე. Uუმეტეს შემთხვევებში, ეპილეფსიის მქონე ადამიანს აქვს ერთიდაიგივე ტიპის გულყრები, შესაბამისად ყოველ შემდგომ ეპიზოდში სიმპტომები მსგავსია.
- ექიმი ახდენს გულყრის კლასიფიცირებას იმის მიხედვით, თუ როგორ იწყება ტვინში პათოლოგიური აქტივობა (ფოკალური ანუ ლოკალური თუ გენერალიზებული, რომელიც მოიცავს მთელ ტვინს).
კლასიფიკაცია:
კლასიფიცირება ხდება გულყრის ტიპის, გამომწვევი მიზეზის, ეპილეფსიური სინდრომის და ასევე იმ მდგომარეობის შეფასებით რაც ახლავს გულყრას. 2001 წლის ეპილეფსიური გულყრებისა და სიდრომების კლასიფიკაციის ახალი პროექტი მოიცავს იმ დაავადებების ჩამონათვალსაც, რომლების ასოცირებულია ეპილეფიურ გულყრებთან.
ფოკალური გულყრები:
გულყრას, რომელიც განპირობებულია თავის ტვინის ერთ-ერთ რომელიმე მიდამოში პათოლოგიური განმუხტვით ეწოდება ფოკალური (პარციალური). Gგამოყოფილია 2ტიპის ფოკალური გულყრა (თუმცა ახალი კლასიფიკაციით ეს დაყოფა აღარ არის რეკომენდირებული, რადგან ტიპები ძნელი გასარჩევია ერთმანეთისგან):
- მარტივი ფოკალური გულყრა: არ იწვევს ცნობიერების შეცვლას. ამ დროს შეიძლება მოხდეს ემოციის, საგნების კონფიგურაციის, გემოს, სუნის, შეგრძნებების შეტევითი შეცვლა. შესაძლებელია ასევე უნებლიე შეკრთომები სხეულის რომელიმე ნაწილში, მაგალითად, ხელში ან ფეხში; სპონტანურად სენსორული სიმპტომების გამოვლენა, როგორიც არის დაბუჟება, თავბრუ ან მოციმიმე შუქი.
- დისკოგნიტური ფოკალური გულყრა: იწვევს ცნობიერების ან სიფხიზლის დონის შეცვლას და შესაძლოა გარკვეული დროით დაკარგვას. ხშირად ასეთი გულყრა ვლინდება გაშტერებით, უმიზნო მოძრაობებით-როგორიც არის ხელების სრესვა, უმიზნო სიარული, ღეჭვითი და ყლაპვითი მოძრაობები.
გენერალიზებული გულყრები:
გულყრა, რომელიც თავისი გავრცელებით მოიცავს მთელ თავის ტვინს, ეწოდება გენერალიზებული. არსებობს 6 ტიპის გენერალიზებული გულყრა:
- აბსანსი – ანუ ე.წ. petit mal-ი, ახასიათებს გაშტერება და მსუბუქი რხევა სხეულში. შეიძლება გამოიწვიოს სიფხიზლის ხანმოკლე დაკარგვა.
- ტონური გულყრა – იწვევს კუნთების დაჭიმვას, ძირითადად მოიცავს ზურგის, ხელების და ფეხების კუნთებს, შეიძლება გამოიწვიოს ვარდნა.
- კლონური გულყრა – ხასიათდება კუნთების რიტმული, ბიძგისებური შეკუმშვებით. ძირითადად მოიცავს კისერს, სახეს, ხელებს.
- მიოკლონური გულყრა – უეცარი ხანმოკლე ბიძგები და შეკრთომები ხელებში და ფეხებში.
- ატონური გულყრა – ე.წ. ვარდნის შეტევები, იწვევს კუნთების კონტროლის დაკარგვას, შესაძლებელია მოხდეს უეცარი დაცემა ძირს.
- ტონურ-კლონური გულყრა – ე.წ. grand mal-ი; ხასიათდება გონების დაკარგვით, სხეულის დაჭიმვითა და ბიძგებით, რასაც ზოგჯერ ახლავს ენის მოკვნეტა და უნებლიე შარდვა.
ეპილეფსიური გულყრების 2/3-ზე მეტი იწყება ბავშვობაში (ძირითადად სიცოცხლის I წელს), ამ ასაკობრივ ჯგუფში გულყრები გამოვლინების მხრივ განსაკუთრებით მრავალფეროვანია, რაც თავის ტვინის უმწიფრობით აიხსნება.
მიზეზები:
50%-ში ეპილეფსიის გამომწვევი მიზეზი ვერ დგინდება, ხოლო ეპილეფსიის მქონე პაციენტების 50%-ში იგი ასოცირებულია სხვადასხვა ფაქტორებთან:
- გენეტიკური გავლენა – ზოგიერთი ეპილეფსია, რომელიც აღნიშნულია გულყრის ტიპების ჩამონათვალში, გვხვდება ოჯახურად. ასეთ შემთხვევებში, სავარაუდოდ, ადგილი აქვს გენეტიკურ განწყობას.
- მკვლევარები ზოგ ეპილეფსიას უკავშირებენ სპეციფიკურ გენებს; დადგენილია, რომ 500-ზე მეტი გენი შესაძლოა ასოცირებული იყოს ამ მდგომარეობასთან. უმეტეს შემთხვევაში, გენები შეიძლება იყოს ეპილეფსიის მიზეზის შემადგენელი ნაწილი. ძირითადმა გენებმა შესაძლოა განაპირობონ ადამიანის სენსიტივობა იმ გარემომცველი ფაქტორების მიმართ, რომლებიც გულყრების ტრიგერებს წარმოადგენენ.
- თავის ტრავმა – თავის ტრავმა (საგზაო შემთხვევის ან სხვა ტრავმული დაზიანებისას) შეიძლება გახდეს ეპილეფსიის მიზეზი.
- თავის ტვინის სხვადასხვა მდგომარეობები – ტვინის მდგომარეობები, რომლებიც აზიანებს მას, როგორიც არის სიმსივნე ან ინსულტი, შესაძლოა გამოიწვიოს ეპილეფსია. ინსულტი ეპილეფსიის მიზეზი ხდება 35 წლის ზემოთ.
- ინფექციური დაავადებები – მენინგიტი, შიდსი, ვირუსული ენცეფალიტი შეიძლება იყოს ეპილეფსიის მიზეზი.
- პრენატალური დაზიანება – დაბადებამდე, მუცლადყოფნის პერიოდში, ბავშვს შეიძლება დაუზიანდეს თავის ტვინი სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედებით. ეს ფაქტორებია მაგალითად, დედის ინფექცია, ცუდი კვება ან ჟანგბადის ნაკლებობა. ტვინის ასეთმა დაზიანებამ შესაძლოა გამოიწვიოს ეპილეფსია და ცერებრული დამბლა.
- განვითარებითი დარღვევები – ეპილეფსია ზოგჯერ ასოცირებულია ისეთ გავითარებით დარღვევებთან, როგორიც არის მაგალითად, აუტიზმი ან ნეირიფიბრომატოზი.
დიაგნოზი:
პაციენტის მდგომარეობის შეფასებისთვის ექიმი ახდენს სიმპტომების და სამედიცინო ისტორიის (ანამნეზის) შეფასებას. ეპილეფსიის დიაგნოსტირებისა და გულყრების გამომწვევი მიზეზის დასადგენად უნდა ჩატარდეს რამდენიმე კვლევა:
- ნევროლოგიური გასინჯვა – ექიმი აფასებს ქცევას, მოტორულ უნარებს, მენტალურ ფუნქციებს და თავის ტვინის სხვა არეების ფუნქციონირების გამოვლინებებს, რათა შეფასდეს პაციენტის მდგომარეობა, განისაზღვროს ეპილეფსიის ტიპი.
- სისხლის კვლევა – ინფექციის, გენეტიკური ან სხვა მდგომარეობის დასადგენად, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულყრები.
თავის ტვინის სავარაუდო დარღვევის დასადგენად Eექიმი განსაზღვრავს სხვადასხვა კვლევების ჩატარების აუცილებლობას:
- ელექტროენცეფალოგრამა (ეეგ) – ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევა ეპილეფსიის დიაგნოსტიკისთვის. თავის კანზე ჟელესებური ნივთიერებით მაგრდება ელექტროდები, რომელთა საშუალებით ხდება ტვინის ბიოელექტრული აქტივობის ჩაწერა.
თუ პაციენტს აქვს ეპილეფსია, დიდი ალბათობით დარღვეული იქნება ტვინის ნორმალური ტალღების პატერნი, მაშინაც კი, როცა იმ მომენტში არ არის გულყრა. საეჭვო შემთხვევებში, მიზანშეწონილია ხანგრძლივად ძილის და ღვიძილის ეეგ-ს ჩაწერა ვიდეო მონიტორინგთან ერთად, რათა დაფიქსირდეს გულყრა. Gგულყრის ეეგ-ჩანაწერი აიოლებს დიაგნოსტირებას. ზოგჯერ ექიმის ინსტრუქციით, გულყრის პროვოცირების მიზნით, ტარდება ძილის დეპრივაცია (ძილის ხანგრძლივობის შემცირება) ეეგ-კვლევამდე.
- კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) – ამ აპარატით კვლევაში გამოიყენება რენტგენის სხივები ტვინის შრეობრივი გამოსახულების მისაღებად. იგი აჩვენეებს იმ დაღვევებს, რაც შეიძლება იყოს გულყრის მიზეზი – ძირითადად სიმსვნე, სისხლჩაქცევა, კისტები.
- მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია – აქ გამოიყენება მაგნიტური და რადიოტალღები ტვინის დაზიანების კერისდასადგენად, რაც იწვევს გულყრებს.
- პოზიტრონულ-ემისიური (PET) და ფოტონ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია (SPECT) – ეფუძნება მცირე დოზით რადიაქტიური ნივთიერების ვენაში შეყვანის შედეგად ტვინის დაზიანების უკეთ გამოვლენას სისხლის ნაკადის მოძრაობის გამოსახვით ტვინის ნივთიერებაში, უშუალოდ გულყრის დროს.
- ნეიროფსიქოლოგიური ტესტირება – სპეციალური ტესტირების (ბავშვებისთვის, მოზრდილებისთვის) შემდგომ ექიმი აფასებს პაციენტის აზროვნებას, მეხსიერებას, ქცევას და მეტყველებას, რაც ეხმარება ტვინის დაზიანებული არეების გამოვლენაში.
მკურნალობა:
ექიმი ეპილეფსიის მკურნალობას ძირითადად იწყებს მედიკამენტით. თუ წამლები არ არის ეფექტური, შესაძლოა განხილული იქნას ქირურგიული ან სხვა ტიპის მკურნალობის საკითხი.
მედიკამენტები (ანტიეპილეფსიური საშუალებები) – პაციენტების უმრავლესობა ხდება თავისუფალი გულყრებისგან ერთი ანტიეპილეფსიური საშუალების მიღების ფონზე, ნაწილს უმცირდება გულყრების სიხშირე და ინტენსივობა. ექიმი წყვეტს მკურნალობის ხანგრძლივობის და წამლის მოსხნის საკითხს.
ეპილეფსიის მქონე ბავშვების 50%-ზე მეტს უწყდებათ გულყრები, ეხსნებათ მკურნალობა და ცხოვრობენ გულყრების გარეშე მთელი სიცოხლის მანძილზე. მოზრდილებშიც, ხშირად შესაძლებელი ხდება წამლის მოხსნა 2 ან მეტი წლის შემდეგ გულყრების შემდგომი განახლების გარეშე.
მედიკამენტის და დოზის სწორად შერჩევა შესაძლოა იყოს რთული. Eექიმი მკურნალობის დაწყებისას ითვალისწინებს პაციენტის მდგომარეობას, ეპილეფსიის ტიპს, გულყრების სიხშირეს, ასაკს და სხვა ფაქტორებს, ითვალისწინებს ასევე სხვა წამლების მიღების შემთხვევაში, ანტიეპილეფსიური საშუალებებთან მათ ურთიერთქმედებას.
მკურნალობა, როგორც წესი იწყება ერთი მედიკამენტით, შედარებით დაბალი დოზით, შემდგომ ხდება დოზის თანდათანობითი მატება გულყრების შეწყვეტამდე.
ანტიეპილეფსიურ საშუალებებს შესაძლოა ჰქონდეს გვერდითი მოვლენები (მსუბუქი ან შედარებით მძიმე). წარმატებული მკურნალობით გულყრების სრულად შეწყვეტისათვის უნდა გათვალისწინებული იქნას:
- მედიკამენტი უნდა მიღებული იქნას ზუსტად ისე, როგორც ექიმმა დანიშნა.
- ექიმი უნდა ინფორმირებული იქნას ანტიეპილეფსიური საშუალების შემცვლელით (ე.წ. გენერიკულით) ჩანაცვლებისას, სხვა რაიმე წამლის, ბალახეული ან არატრადიციული საშუალებების მიღების შემთხვევაში.
- ექიმთან შეთანხმების გარეშე არ შეიძლება მკურნალობის შეწყვეტა.
- უჩვეულო მდგომარეობის, ხასიათის ან ქცევის შეცვლის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ექიმს.
ახლადდიაგნოსტირებული ეპილეფსიის შემთხვევების დაახლოებით ნახევარი თავისუფლდება გულყრებისგან ერთი მედიკამენტის ფონზე. მკურნალობის არაეფექტურობის შემთხვევაში ექიმი წყვეტს მკურნალობის შემდგომი ტაქტიკის საკითხს.